English / ქართული / русский /
ნუნუ აჩუაშვილისესე ხატიაშვილი
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება როგორც ღირსეული ცხოვრების აუცილებელი პირობა

ანოტაცია.ბიზნესი ქმნის დამატებით მატერიალურ სიმდიდრეს ეკონომიკური საქმიანობით. განვითარებული მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა მცირე და საშუალო ბიზნესია. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ჩამორჩენის, სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ უნდა შექმნას ყველა პირობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი, უმუშვერობა, რეფორმა, საწარმო. 

***

საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი ცენტრალიზებული ეკონომიკის დასრულების შემდეგ ბიზნესი გახდა. მისი ფართოდ გავრეცელების შესაძლებლობებს სწორედ საბაზრო ეკონომიკა ქმნის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაში ბიზნესს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია მისი როლი ეკონომიკის ასიმეტრიულობის დაძლევაში რეგიონალურ და დარგობრივ ჭრილში. ბიზნესი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებით ქმნის დამატებით მატერიალურ დოვლათს,  ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ისეთი მწვავე პრობლემის დამარცხენას რასაც უმუშევრობა ქვია.

მოსახლეობის ძირითადი მასის ცხოვრების დონის ამაღლება და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობის ზრდა სოციალური ორიენტაციის ეკონომიკის ქვეყნების მიზანს წარმოადგენს. რომელიც გლობალური პროცესის შედეგად  ჩამოყალიბდა და ეფუძნება: სიღარიბის და კრიმინალის შეჩერებას;  საზოგადოებრივ ურთიერთობათა ჰუმანიზაციას; ეკოლოგიური პროცესის გაჯანსაღებას; შრომის უსაფრთხოებას და სხვა.

მსოფლიოს ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა  მცირე და საშუალო ბიზნესია. ჩვენს ქვეყანაში უახლესი ისტორიის განმავლობაში ბიზნესის განვითარების და მხარდჭერისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რასაც შედეგად მოყვა ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება და მისი მთლიანად ელექტრონულ რეჟიმზე გადასვლა. რეგისტრაციის გამარტივებამ ბიზნესის სფეროში ბევრი ადამიანი მოიზიდა, მაგრამ მარტო სურვილმა და შესაბამისი უნარ-ჩვევების და გამოცდილების არ არსებობამ შედეგად მოიტანა ის, რომ საწარმოები კი იხსნება, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი მალე იხურება.

საქსტატის მონაცემების მიხედვით ბრუნვის წილი საწარმოთა ზომის მიხედვით 2019 წელს პროცენტებში შემდეგნაირად გამოიყურებოდ: მსხვილი ბიზნესი - 55,5%; საშუალო ბიზნესი - 19,3% და მცირე ბიზნესი - 25,2%. პროდუქციის  მოცულობა რომელიც 2019 წელს შეიქმნა 47494,7 მილიონი ლარია. აქედან მსხვილმა ბიზნესმა შეიქმნა - 19765,9 მილიონი ლარის პროდუქცია, საშუალო ბიზნესმა - 12535,6 მლნ. ლარის, ხოლო მცირე ბიზნესმა კი - 15193,3 მლნ. ლარის პროდუქცია.

დღეისათვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ კრიზისში იმყოფება, ყველაზე დიდი გამოწვევა უმუშევრობა, სიღარიბე და სიღატაკეა. აღნიშნული პრობლემის გამწვავება 2020 წლის დასაწყისიდან გამოიწვია კორონა ვირუსის მსოფლიო პანდემიამ, რომელმაც მოსახლეობის ჯანმრთელობას და მის კეთილდღეობას  სერიოზული დარტყმა მიაყენა, ხოლო, საწარმოების მიზანი კი გახდა, არა განვითარება და გაფართოვება, არამედ თავის გადარჩენა. აღნიშნული  პრობლემების დაძლევა კი, მხოლოდ, ეკონომიკური ზრდით მიიღწევა. ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორც საშინაო, ისე საგარეო. ამ  და სხვა მავნე ფაქტორების გავლენით ბიზნესი შოკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ზოგიერთმა ნაწილობრივ მოახდინა ადაპტაცია და დისტანციურად შეძლო საქმიანობის განხორციელება. გარემოში მიმდინარე ეს  უარყოფითი მოვლენები   უფრო მეტად აისახება  ეკონომიკის ისეთ დარგებში და სექტორში, რომლებიც სხვა  ქვეყნის  ეკონომიკიდან ჩვენს ეკონომიკაში დოვლათის  გადმოსვლის არხებია. ესენია ტურიზმი (რომელიც  ბოლო ხანებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა), ფულადი გზავნილები, უცხოური ინვესტიციები  და საგარეო ვაჭრობა.

            ჩვენს ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ  სიტუაციას კარგად ახასიათებს ცხრილი 1.

ცხრილი 1 

მაჩვენებლები

2017წ.

2018წ.

2019წ.

2020წ.

მშპ. მიმდინარე ფასებში

მილიარდი ლარი

40,8

44,6

49,3

49,4

მშპ-ს რეალური ზრდა %

4,8

4,8

5,0

-6,2

მშპ. მიმდ.ფასში მილიარდ. აშშ$

16,2

17,6

17,5

15,9

სამუშაო ძალა ათასი კაცი

1641,4

1605,2

1572,8

1523,7

უმუშევრობის დონე $

21,6

19,2

17,6

18,5

ინფლაცია საშ, წლიური წინა წლის საშ წლიურთან

106,0

102,6

104,9

105,2

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  მლნ. აშშ $

1978,3

1306,3

1310,8

616,9

საგარეო ვაჭრობის სალდო

-5310,9

-5981,8

-5718,5

-4688,4

სიღარიბის აბს-ურ ზღვარს ქვევით მცხოვრები მოსახლეობის წილი

21,9

20,1

19,5

 

როგორც ცხრილში მოცემული მონაცემები მოწმობს მშპ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ძალიან უმნიშვნელოდ - 0,2%-ით არის გაზრდილი. სამუშაო ძალა ამავე პერიოდში  შემცირებულია - 49,1 ათასი კაცით და რაც შეეხება უმუშევრობის დონეს  გაზრდილია - 0,9%-ით. ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია 0,3%-ით. სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც მხოლოდ გაუარესებისაკენაა მიმართული.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხასიათდება სტაბილური კლებით. ცხადია ქვეყანაში შექმნილი მძიმე  მდგომარეობა ასახვას საინვესტიციო კლიმატზეც ახდენს და ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. 2019 წლის მონაცემებით ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის არის აშშ, ჩინეთი და იაპონია.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშში ( NDR) საქართველო 189 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. რაც ნიშნავს რომ ჩვენი ქვეყანა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით საშუალო კატეგორიას მიეკუთვნება. უთანასწორობა  ადამიანის განვითარების ანგარიშში გამჭოლი თემაა და სიღარიბის, შიმშილისა და ავადობის წინააღმდეგ მიღწეული პროგრესის

მიუხედავად, ქვეყნები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ  გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების კომფორტულ მოწყობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, ცხოვრების დონე ჩვენს ქვეყანაში ჯერ ისევ დაბალია. ყველაზე მწვავე გამოწვევა  უმუშევრობა და სიღარიბეა. წარმოება ძალიან ნელი ტემპით,  თითქმის არ იზრდება. ბაზარი ძირითადად დამოკიდებულია იმპორტზე, მას კი უარესად აძვირებს ბოლო პერიოდში კატასტროფულად გაუფასურებული ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში. ამ და სხვა მიზეზების  გამო განსაკუთრებით გაუსაძლისი გახადა შეჭირვებული ადამიანების ცხოვრება ისეთ პროდუქტებზე ფასების ზრდით, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს უკავშირდება. კერძოდ: 2019 წელს 2015 წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა - 8,9%-ით; საცხოვრებელი სახლის წყალი, ელექტროენერგია, აირი, სათბობი - 6,2%-ით და ჯანდაცვაზე - 14,1%-ით. სამწუხარო ისაა, რომ ფასების ზრდა ახლაც ყოველდღიურად მიმდინარეობს.

საქსტატის მიერ წარმოდგენილი მიგრაციის სალდოს მიმართულება კარგად ახასიათებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოძრაობას დუხჭირი ცხოვრებისგან თავის დაღწევის მიზნით. ისინი სხვადასხვა კონტინენტზე არსებული განვითარებული ქვეყნებისაკენ მიემართებიან საკუთარი თავის და ოჯახების გადარჩენის მიზნით, რასაც კიდევ ამძაფრებს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობის ზრდა. ამ უამრავი პრობლემური საკითხის გამო ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევებიდან უმნიშვნელოვანესია სიღარიბე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უმუშევრობას. ეკონომიკის არასათანადო განვითარება ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანები იძულებულნი ხდებიან სამუშაო ქვეყნის გარეთ ეძებონ.

დღეისათვის ვირუსისგან თავდასაცავად მკაცრი იზოლაცია (ე.წ. ლოკდაუნი) და სოციალური დისტანცირება გამოიყენება. რაც ასევე მკაცრად აისახა ჩვენს ეკონომიკაზე. გვიწევს ბრძოლა ერთის მხრივ სიცოცხლის გადასარჩენად და მეორე მხრივ ვაჩერებთ ეკონომიკურ აქტივობას, რაც რეცესიის პროცესს აჩქარებს. გაჩერდა წარმოების და მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილი, რამაც დასაქმება და უმუშევრობა კიდევ უფრო გაამწვავა.

დღეისათვის ვირუსის ორი ტალღა გადავლილია და მიმდინარეობს მესამე. ცხოვრების ჩვეულ რიტმზე დაბრუნებისათვის  არსებობს მონახაზები თუმცა, როგორ  და რა პირობებში გავაგრძელებთ ეკონომიკურ აქტივობას ეს ბუნდოვანია. პანდემიას თან ერთვის პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან სწრაფ განვითარებას.

ცხოვრების დონის რეგულირება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ კარგად შემუშავებული  სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით (შრომის ანაზღაურების სისტემით, სოციალური განვითარების პროცესების მართვა  კარგად შემუშავებული სოციალური სტანდართებით). სტიმულირება გულისხმობს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის დონის შემცირებას, დასაქმების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ცხოვრების დონის რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტებია: საგადასახადო სისტემა, ინფლაციური ღონისძიებები, ანტიმონოპოლისტური პოლიტიკა და ა.შ.. საარსებო მინიმუმი სიღარიბის აბსოლუტური ზღვარია და საჭიროებს მკაცრ კონტროლს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფეთქებადი ხასიათი მოითხოვს სწორად დაისვას ამოცანა და რეალურად განხორციელდეს სიღარიბის დაძლევის კომპლექსური  გეგმის  შემუშავება-განხორციელება.

იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა საქართველოს მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა-განვითარებას და ეს საკითხი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა გახდეს. ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების მიდგომები გადმოცემულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რომლის მთავარი მიზანი არის  კონკურენტუნარიანობის ამაღლება მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორში.

აღნიშნული სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისათვის საფუძვლის შექმნა. სწორედ ინკლუზიური განვითარების მოდელი  წარმოადგენს საშუალებას ეკონომიკის ზრდის პროცესში ყველა ფენის ჩართულობისა და წარმოების შედეგების ყველასათვის განაწილებისა.

იმისათვის, რომ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა შეიცვალოს სამეწარმეო, სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო. რეფორმები, რომლებმაც გაამარტივეს ბიზნესის დაწყება და  წარმოება  შემდეგია: საგადასახადო პოლიტიკა, საბაჟო პოლიტიკა, ლიცენზიები და ნებართვები, სახელმწიფო მმართველობა. დასახული მიზნის მიღწევა რომ მოხდეს, საჭიროა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირებული განხორციელება და შესრულების მონიტორინგი, აუცილებელია ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების  და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო  დონორ ორგანიზაციებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, როგორც  რესურსების მობილიზების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. 

გამოყენებული ლიტერეტურა 

  1. ბიზნესი-საქართველოში ეკონომიკური ზრდის ძირითადი დეტერმინანტი, უშანგი სამადაშვილი, 2017. გვ. 421-426.
  2. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის.
  3. Geostat.ge
  4. (https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.p)